ფრიდა

Collected by Initiative 78

... დარბევა დაიწყეს. ათასობით ტერფი, ნაბიჯისთვის სივრცე კი - არსად. ერთმანეთს ვაწყდებოდით. პირბადის ამარა გავაგრძელე შეძლებისდაგვარად გზა. ხალხი ყვიროდა, ტიროდა, სრული აგონია სუფევდა და ალაგ-ალაგ შუშების ჩამსხვრევის ხმა გვაძლევდა ბანს...

...როგორ სასტიკად სცემეს ის ბიჭი... როცა ვიდეოს ვხედავ, მთელს ტანში ჭიანჭველებივით მივლის უსიამოვნო ჟრუანტელი. სასიკვდილოდ გვიმეტებენ, ჯერ არც კი გვიცხოვრია...

...ჩემების აზრით, იქ ვინც ვდგავართ, ქვეყნის დამამხობლები და გამყიდველები ვართ, თუმცა არ მიკვირს, ჩვენს სახლში ხომ დეზინფორმაცია ყველაზე შხამიანი გველივით დასრიალებს ყოველ დღე ოთახებს შორის...

...30-ში პარლამენტს რომ გადავუღე ფოტოები ჰარი პოტერს მახსენებს. ფეერვერკებით რომ განათდა ყველაზე მშვენიერი და უზომოდ სევდიანი სანახაობა იყო, ჰოდა მეც O children მიტრიალებს ტვინში ლუფზე. ნეტავ მალე ავცეკვდეთ...

...12-ს გადასცდა და დედაჩემის დაბადების დღეა. საჩუქრად დღეს აქციაზე არ წავედი და სახლში დავრჩი, რომ ერთი დღე მაინც გამოიძინოს და დილას 140 წნევით არ გაიღვიძოს...

...თავი როგორ ვიგრძნო დაცულად? პოლიცია ყველაფერზე თვალებს ხუჭავს, თითქოს არც არასდროს გაუხელია. ვინ დაგვიცავს ჩვენ? ასე უიმედოდ, ასე ძალაგამოცლილად თავი არასდროს მიგრძვნია. ერთ საათში მივალ პარლამენტთან...

...ვიღაცას ეწერა, დღეს პოლიცია კი არა, ჟურნალისტები გვიცავენო. რატომ მღვიძავს საერთოდ ისეთ სამყაროში, სადაც ეს რეალობაა? გული მეღვენთება...

...იქ ვინც დგას ყველა მიყვარს, ალბათ ეგ მაძლებინებს, თორემ ჩემი ფეხები ყოველდღე სახლში დარჩენას მევედრებიან. როგორ დავრჩე სახლში, როცა ჟურნალისტებს კისრებს უგრეხენ? როცა 15 წლის ბავშვები ციხეში რჩებიან? როცა ყველა „სამართალდამცავს“ ზამთრის ძილით სძინავს? ძალიან დავიღალე, ძალიან...

...ველი, რომ დღე-დღეზე შავი ჭირივით მომადგებიან. მე მხოლოდ ჩემი ძმის გამო მეშინია. როგორც ჩანს “ტიტუშკების” უმრავლესობა ჩემს უბანში ცხოვრობს და ჩემს ძმას იცნობენ. რამე რომ დაუშავონ...

...მამამ განაცხადა გუშინ კამათის მერე - ვინც აქციაზე დგას, დაე, ყველას ფეხქვეშ მიწა გაუსკდეს და ჩავარდესო. მართალი ყოფილა, მხოლოდ ახლობელი თუ გაგიმეტებს ასეთი ბოროტებისთვის, მაგრამ honestly, მონებთან ერთად სიცოცხლეს გულანთებულ, მართალ ხალხთან ერთად სიკვდილი მირჩევნია...

... ტალღებივით გადასცემდნენ საქართველოს ჰიმნს ერთი ბოლოდან მეორეში, რაზეც ცოტათი ვიხითხითე კიდეც გულში, რადგან როცა მარჯვენა ყურში „თავისუფლებას დიდება“ მესმოდა, მარცხენა ყურში ახალი დაწყებული იყო „ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება“. ძალიან დიდი სითბო იყო მაინც მაგ ზღვაში, აი ისეთი, წვიმის დროს როგორც იცის ხოლმე...

...შევუერთი ვაკის პარკიდან მსვლელობას. ასეთი თბილი, ასეთი ტკბილი მუხტი მე დიდი ხანია არ მიგრძვნია. ზოგჯერ მეშინია კიდეც, რომ ეს ბაბლი მალე არ გასკდეს. აქ ყველას ყველა უყვარს და პატივს სცემს. გასკდეს კი არა, იქნებ საერთოდ გაიზარდოს კიდეც და მსოფლიო თუ არა ჩვენი ქვეყანა მაინც მოიცვას...

...გულმხურვალე ადამიანები სახლებიდან დროშების ფრიალით გვიერთდებოდნენ, სამსახურებიდან რამდენიმე წუთით გამოდიოდნენ და შეძახილებით გვამხნევებდნენ. ა მ წ ე კ რ ა ნ ზ ე ავიდნენ, სადღაც, ღრუბლების სიმაღლეზე დროშით და იქიდან გადმოგვყურებდნენ! სრული სიგიჟე...

...ჩასისხლიანებული ქუსლებით და სხვა ფეხსაცმლით ავბრუნდი აქციაზე. (...) პირველად დავლიე ამ დღეს უფასოდ ჩაი. თითქოს ვიგრძენი, რომ დავიმსახურე, აქამდე არ გამომირთმევია არავისთვის შემოთავაზებული საკვები. ჰოდა იმწუთას ჩაიმ გულიც და ტვინიც ერთიანად გამილღვო. მივხვდი, რომ აქ ვინც დგას, ყველასთან ერთად მინდა ტრიალ მინდორზე გაწოლა და დილის ცის ყურება...

...ნაძვის ხე ზუსტად ისეთი უგვანია, როგორიც მისი დამდგმელი. აქაო და, ბავშვებს ახალ წელს თქვენ თუ წაართმევთ ჩვენ დავუბრუნებთო და ბავშვები არსად ჩანდნენ...

...დღეს ვდებ პირობას, რომ აკადემიურს შევწყვეტ, იმ დარჩენილ 1 სემესტრსაც ჩავამთავრებ გაზაფხულზე და ოცნების პრეზიდენტისგან განსხვავებით, დიპლომი მექნება. აი ასე...

...ზარზეიმით, შეძახილებით შევკარით ჯაჭვი. ცოტაც და ვიტირებდი, იმიტომ რომ 2008 წლის ფლეშბექებს ვხედავდი. ტელევიზორში 6 წლის ასაკში ნანახი კადრები რეალობად მექცა, რის გამოც შერეული ემოციები დამეუფლა... *2008 წლის აგვისტოს ომი

...მეტროდან გამოვედი თუ არა, აი მაშინ ვიგრძენი ახალი წელი, მანამდე ცოტათი გამიჭირდა, არ მაქვს განწყობა, თანაც ისედაც არ მიყვარს. ყველა მღეროდა და იღიმოდა, დიდიც და პატარაც. სუფრაზეც გულითადად უმასპინძლდებოდნენ ერთმანეთს და სუფრისგან მოშორებითაც. ყველა ჟრიამულობდა...