ნანა
Collected by Initiative 78
...როგორ თბილადაც არ უნდა ჩავიცვათ, ღამე აქციაზე, ერთ ადგილზე ხანგრძლივად დგომის, ასევე - ცოტა ძილის, სტრესის და ათასი უბედურების გამო, რასაც ახლა გავდივართ, სიცივე მაინც იწყებს სხეულში გაჯდომას. ხელის გაყინულ თითებს ხელთათმანიც რომ ვეღარ ათბობს, ცხელ სასმელებს ვაშველებთ, რომელსაც ისეთი ზრუნვით გთავაზობენ "იქაური" გოგო-ბიჭები, გული ყოველ წამს მებერება სიყვარულით...
...აი, ფეხები რომ იწყებს მოყინვას - ვიწყებთ მოძრაობას, რათა სისხლმა უკეთ იმოძრაოს და გაგვათბოს. არასდროს შემიდარებია დღის და ღამის აქციის ზემოდან, დრონით გადაღებული კადრები, მაგრამ ზუსტად ვიცი: ღამის აქციას სხვა რიტმი აქვს, მეტად მოძრავია, მეტად ფეთქავს... დიახ, საქართველოს გული სწორედ რუსთაველზე ფეთქავს, უკვე მე-10 ღამეა...
"- ხალხო, აბა ახლა მშვიდად! მშვიდად! ნუ გავრბივართ! ასე ერთმანეთს გადავთელავთ! ნუ გეშინიათ! შორს არიან ჯერ, გავასწრებთ!" "- რესპუბლიკის მოედნისკენ არ შეიძლება წასვლა, იქაც წყლის მანქანაა და რობოკოპები. შეეცადეთ სანაპიროსკენ ჩაიწიოთ, ოღონდ ფრთხილად მანდაც"...
... "- შენ უკან რატომ ბრუნდები? ხომ იცი, რომ იქაც დგანან? ქვემოთ ჩავიდეთ!"- ვეუბნები და მასაც ოპერის ქვემოთ ჩასვლისკენ მოვუწოდებ. ჩერდება, მიყურებს ბედნიერი (ბედნიერი!) თვალებით.. "- არა, მე ხალხი უნდა გავაფრთხილო." - მეუბნება, მიღიმის და გზას აგრძელებს. მეც ვუღიმი და სიყვარულისგან ლამისაა გული გამისკდეს!“...
...მე-20 საღამოა ხალხი ვიკრიბებით რუსთაველზე. ესე, გადაბმულად და დღეჩაუგდებლად, თორემ ისე - ვინღა ითვლის... მეგობრების გარდა, ყოველ საღამოს ვხედავ უამრავ ნაცნობს, უცნობს, რომელიც რუსთაველზე გავიცანი და აღარ არის უცნობი, უცნობს, რომელიც ჯერ არ გამიცნია, მაგრამ - სახეზე ვცნობ...