ნათია

Collected by Initiative 78

...გუშინ დილას, ჰამბურგის აქციაზე წასასვლელად რომ ვემზადებოდი და მშვიდად, ყავის ჭიქით ხელში “ვსქროლავდი” ახალ ამბებს… მაშინ მივხვდი, რომ ჩემს აქ სახლში ჯდომას აღარაფერი ამართლებდა...

...შუაღამისას ჩამოვფრინდი თბილიში. მეგობრები დამხვდნენ და აეროპორტიდან პირდაპირ რუსთაველზე, აქციაზე გავედით. პირბადისა და სათვალის გაკეთებაც ვერ მოვასწარი, „დარბევა დაიწყესო“ რომ დაიყვირეს და ჩვენც გაქცეული ხალხის მასაში აღმოვჩნდით. ყველას ერთად გვეწყება ხველა, თვალებს ვეღარ ვახელთ...

...ცოტა სამშვიდობოს გასულები უკან ბრუნდებიან და ფიზიოლოგიურ ხსნარს გვასხამენ. მერე ცოტა სულს ვითქვამთ. ისევ უკან ჩავრბივართ... მერე ისევ მხუთავი აირი, რაღაცებს ისვრიან, ვიხევთ უკან. ასე გრძელდება ლამის გათენებამდე...

...რკინიგზის სადგურზე დამხვდნენ ნატა და დედა. შემოუვლიათ მთელი ბრემენი, თუ მიდის, შესაბამისად აღჭურვილი მაინც გავუშვათო და უყიდიათ დამცავი სათვალეები, პირბადეები, ხელთათმანები, თავის დამცავი ჩაფხუტი და რავიცი რა აღარ... სახლში მომაზომეს ყველაფერი, ,,გამომაწყვეს“. ვცდილობდი დედა დამემშვიდებია. დედამ, ხომ არაფერს გეუბნები შვილო, მე რომ შემეძლოს, მეც წამოვიდოდი, წადი, უბრალოდ ძალიან ფთხილად იყავიო...

...პარლამენტის აივნიდან ,,პოლიცია“ უკვე წყლის ჭავლს უშვებდა, ბავშვები ჭავლის ქვეშ ცეკვავენ. ერთი ტიპი, აივნის ქვემოთ დგას და დაგროვილ წყალს, რაღაც ჭურჭლით უკან ასხამს პოლიციას :) იმათ კი რა, სამ მეტრიანი ფარებით დგანან, მაგრამ ჩვენ კი წუთით გაგვახალისა!...

... ,,ქალბატონი ხმა“ და ჭავლის მანქანები ისე მოგვაყენეს, ვერც გავიგეთ. გაისმა ის გამყინავი ხმა: მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს წინაშე გამოყენებული იქნება... არადა ამ დროს აქ არიან მშობლები ჩვილებით, შშმ პირები, მოხუცები, ჩვეულებრივ ვდგავართ და აი საერთოდ არაფერს ვაშავებთ. ვაძლიერებთ სტვენასა და ხმაურს...

... ,,არ შეგეშინდეთ, არ ვიშლებით“. ,,ბავშვები და მოხუცები გავუშვათ“ პასუხობენ სხვები. ჩვენ არ წავიდეთ, იქნებ ჩვენი მოერიდოთ, გადაულაპარაკა ჩემს წინ მდგომმა მოხუცმა ბებომ ჭაღარა ბაბუას. ხელი აქვთ ჩაჭიდებულები ერთმანეთისთვის, თვალები მოწყლიანებიათ. ჯოხით ხელში, კოჭლობით მოგვიახლოვდა ერთი ბიჭი, ქვემოთ ჩავიდევარო... ბოლო აირწინაღი მას მივეცით...

...ჩვენებსაც უკვე აღმართული ჰქონდათ ბარიკადები. ჭინკებივით დასდევდნენ პოლიციის გადმოსვრილ გაზის ბოთლებს და წინასწარ მომზადებულ, გადაჭრილ წყლის ბიდონებში ანეიტრალებდნენ. შუა ხაზებში ფიზიოლოგიური ხსნარით მომარაგებუ-ლი ხახლი დგას კორიდორებად, წინა ხაზებიდან დაზარალებულების დასახმარებლად. უკანა ფლანგიდან, ვისაც კარგი აირწინაღი აქვს, პერიოდუ-ლად ჩადის წინა ხაზზე. ზოგს საიდან-ღაც ჩაი და შოკოლადები მოაქვს...

...შუაღამე გადასული იყო, ოპერასთან ვიდექით, როცა უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ხელით ამოარბენინეს სასწრაფოსთან უგონოდ მყოფი ბიჭი, სახე სისხლით ჰქონდა დაფარული. თვალში ჰქონდა მოხვედრილი, ვერ გავიგეთ, რეზინის ტყვია თუ გაზის კაფსულა. რამდენიმე დღე კომაში იყო ეს ბიჭი... საბედნიეროდ, გადარჩა!...

...უცებ დაიწყეს მხუთავი გაზის ბოთლების სროლა. რამდენიმე ჩვენს ფეხებთანაც ვარდება და ვეღარაფერს ვხედავ, აირწინაღებშიც საიდანღაც შეაღწია და ვეღარ ვსუნთქავ, პანიკა მემერთება და ქერას რომ არ დავენახე და არ გავექანებინე ჭიჭინაძის მხარეს, ალბათ იქვე დავკარგავდი გონებას. აირწინაღი რომ მოვიხსენი, უარესი დამემართა, მეგონა ვეღარასოდეს ამოვისუნთქებდი, სახე, თვალები, ისე გეწვის, გინდა ჩამოიხოკო...

...ათ წელზე მეტია, ამ ქალაქში აღარ მიცხოვრია... ასეთი დაღლილი, მაგრამ შეუპოვარი, ყველაზე მეტად მიყვარს... კიდევ ყველა ღამეს გავუთენებდი, რომ შემეძლოს...

...თბილისიდან რომ მოვდივარ ხოლმე, ყველაზე მეტად იმ მომენტს ვერ ვიტან, როცა თვითმფრინავი ბორბლებს აიკეცს და მიწას სცილდება... აი პირველად, ზუსტად მანდ ვიაზრებ, რომ ვშორდები იქაურობას. ქვემოთ სანამ ქალაქის შუქები ციმციმებენ, თითქოს ჯერ კიდევ ხარ მიბმული ამ ქალაქს. მთაწმინდა ჯერ ისევ კარგად ჩანს, თვალს ქვემოთ ვაყოლებ და ვეძებ პარლამენტს...

...დღეს მთელი რუსთაველი მე მიფრთხილდებოდა, მშვიდობით რომ გამოვფრენილიყავი უკან... მე კი, გული იქ დავტოვე... 04:00, - 2 გრადუსი, ჩვენები ჯერ არ დაიშლებოდნენ, ვცდილობ, წარმოვიდგინო რა ხდება ახლა იქ, იმედია ისევ ბევრნი არიან... უკვე მთაწმინდასაც ვეღარ ვხედავ, ასე, თბილისთან გაყრა, არასოდეს გამჭირვებია...